გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. წარმატების და წინსვლის წელი ყოფილიყოს. იმედს გამოვთქვამ, რომ ერთად ავიღებთ გეზს უკეთესი მომავლისკენ. არ შევუშინდებით სიახლეებს და გამოწვევებს, რომელიც განათლების პროგრესისთვის აუცილებელია და იმედი მაქვს, რაღაც მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.
ნინო კენკებაშვილი
ნინო კენკებაშვილის პორტფოლიო
სსიპ ქ.თბილისის 157-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კენკებაშვილი
Wednesday, September 12, 2018
Wednesday, August 26, 2015
ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობითი სწავლება
( დამწყები მასწავლებლის მცირე გამოცდილება)
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა,სამწუხაროდ, არც ისე დიდია. შარშან გავიარე მაძიებლის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან შევუდექი საქმიანობას. მიუხედავად მცირე გამოცდილებისა, ამ ორმა წელმა მეტ-ნაკლები შთაბეჭდილება შემიქმნა სწავლა-სწავლების საკითხზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზე. რა პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება დამწყები მასწავლებელი თავისი პრაქტიკული საქმიანობის პირველ ეტაპზე. შევეცდები საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რადგან მე თავად შევხვდი ამ პრობლემებს სულ ახლო წარსულში. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებთან კომუნიკაცია, ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, მათთან თანამშრომლობა.
გაკვეთილი, სადაც მოსწავლე ვერბალურ თუ არავერბალურ კომუნიკაციას ამყარებს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, წარმოადგენს მიკრო მოდელს სოციალური ურთიერთობებისა (განზოგადებული სხვადასხვა მასშტაბით). კონკრეტულ სოციუმში მიზანმიმართული კომუნიკაცია მაშინ აღმოჩნდება წარმატებული თუ შედეგი წინასწარ იქნება განსაზღვრული და მიზნიდან შედეგს მივიღებთ. ამიტომაც გაკვეთილზე შემდგარი ურთიერთობა, თანამშრომლობა : ერთი მხრივ, ცოდნისა და გამოცდილების გაცემა და მეორე მხრივ, ცოდნის მიღება და უნარების განვითარება, ცოდნის გამოყენება, მოსწავლისთვის საწინდარია მომავალში როგორც ნებისმიერ სოციალურ გარემოში ადაპტაციისა, ასევე შეგნებული მოქალაქეობრივი მოღვაწეობისა.თუ კი ადრე მასწავლებელი იყო ცოდნის გამცემი და მოსწავლე იყო პასიური მიმღები, დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლის როლი საგაკვეთილო პროცესში. სწავლების ინტერაქციული ფორმა გულისხმობს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მზაობას ითანამშრომლონ ერთმანეთთან.
აი, ასეთი საპასუხისმგებლო და რთული ამოცანის წინაშე დგას მასწავლებელი. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი: როგორ კომუნიკაციას დაამყარებს მასწავლებელი მოსწავლეებთან პირველივე დღეებიდან. მასწავლებელი არის კოდის რეპრეზენტატი, მოსწავლე კი - ამ კოდის ინტერპრეტანტი. კოდირებული ნიშნის დეკოდირება და უკუკავშირი გაკვეთილის შემადგენელი ნაწილია. წარმოვიდგინოთ, რომ გაკვეთილი არის ტექსტი, მასწავლებელი ამ ნარატივის ავტორი, მოსწავლეები კი - მკითხველები. სამყაროც იკითხება ტექსტებით და ნიშნის მრავალგზის ინტერპრეტაცია იძლევა აღქმის მრავალფეროვანებას. ნიშნის ასეთივე დაუსრულებელი ქმნადობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, წრმატებული კომუნიკაცია დაამყაროს მოსწავლეებთან და გაკვეთილი გამოვიდეს ავთენტური დასახულ მიზნებთან.
თუმცა არსებობს გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები: პირველ რიგში დავასახელებ, ეგრეთ წოდებულ, “კვარცხლბეკს”, რომელშიც მასწავლებლები ერთიანდებიან გარკვეული ნიშნით. თითოეულ გაერთიანებას ანუ “კვარცხლბეკს ” აქვს თავისი სახელი და რაც მთავარია - მინუსები, რაც ხელს უშლის უფექტურ კომუნიკაციას მოსწავლეებთან. შემდეგი ეს არის დაძაბული ურთიერთობა (გადაკიდება) , ინტერესის დაკარგვა, უნდობლობა და გულგრილი დამოკიდებულება (როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან).ვფიქრობ, გამოსავალი “კვარცხლბეკის უარყოფაა”. მასწავლებლის პოზიცია უნდა იყოს პარტნიორული. ის თავის მოსწავლეებს უნდა ექცეოდეს, როგორც სრულუფლებიან პიროვნებებს. საჭიროების შემთხვევაში გაბრაზდეს, აუცილებლად გაიზიაროს მათი პრობლემები და სიტუაციის შესაბამისად იმხიარულოს მოსწავლეებთან ერთად.
აიცილო “კვარცხლბეკის” ცდუნება , შეინარჩუნო ინტერესი მოსწავლეთა მხრიდან და მოიპოვო მათი ნდობა, არც ისეთი მარტივია ახალგაზრდა პედაგოგისთვის.
მაძიებლობის პერიოდში ჩართული ვიყავი ჩემი მენტორის მიერ დაგეგმილ პროექტებში. დამოუკიდებლადაც დავგეგმე და განვახორციელე ერთი პროექტი. მაყურებელი კარგად ხედავს რა ხდება სცენაზე, როგორ მიდის სპექტაკლი,როგორი მსახიობები თამაშობენ. მეც მაყურებლის პოზიციაზე აღმოვჩნდი, როცა ჩავები მენტორის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტზე მუშაობისას ურთიერთობა პარტნიორულია,დრო და სივრცე გაცილებით დიდი,ვიდრე გაკვეთილის დროს,რაც კარგი პირობაა ეფექტური კომუნიკაციისთვის.
როდესაც სკოლაში დავბრუნდი მასწავლებლად(და არა მაძიებლად) გადავწყვიტე ჩამეტარებინა გაკვეთილი-პროექტი.ეს იყო ერთგვარი შეჯამება გარკვეული მასალისა.მასალა იყო საკმაოდ რთული და კლასისთვის ვიყავი ახალი პედაგოგი(აქ აღარ მოვყვები, რა სირთულეების წინაშე ვიყავი.ამაზე ზემოთ ვისაუბრე).კლასი იყო ძნელი სამართავი, უჭირდათ მასალის გაგება-გააზრება.აუცილებელი იყო კლასის ახლოს გაცნობა,მათი შესაძლებლობების შეფასება,ნდობის მოპოვება,თანამშრომლობა.მოკლედ სწორი კომუნიკაცია.ვიფიქრე,რომ ასეთ დროს წარმატებულ კომუნიკაციას სწორედ კარგად მოფიქრებული პროექტი უზრუნველყოფდა. პროექტს აქვს ბევრი დადებითი მხარე,რის გამოც მასწავლებლები ხშირად მიმართავენ გაკვეთილის ამ ფორმას. ჩემი მიზანი კი იყო როგორც რთული მასალის გააზრება,ასევე პასუხისმგებლობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. პროექტის მსვლელობისას მოსწავლე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც საკუთრი თავის, ასევე ჯგუფის წევრების წინაშე.ის თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და მასწავლებელთან (ზოგ შემთვევაში შეიძლება ჩართული იყოს თემიც). მასწავლებელი არის მრჩეველი,კონსულტანტი.პროექტი შეიძლება იყოს ხანგრძლივი,ამ შემთვევაში ორი კვირა გაგრძელდა.ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი შეისწავლის თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები იღებენ დამატებით ინფორმაციას,არიან დამოუკიდებელნი და დიდია მათი როლი მომზადებულ პროექტში,რაც თავდაჯერებულობას მატებს მოსწავლეებს, უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, მოსწავლეები ახერხებენ სასწავლო აქტივობები დაუკავშირონ ავთენტურ კონტექსტს. მასწავლებელი პროექტის მეშვეობით ახერხებს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარის განვითრების ფასილიტაციას.
რა თქმა უნდა, კლასი დავყავი ჯგუფებად და ყველა ჯგუფში გამოვყავი ლიდერი,ვინც პასუხისმგებელი იქნებოდა ჯგუფის მუშაობაზე. პროექტი ორიენტირებული იყო მასალის მოძიებასა და დამუშავებაზე, ასევე მოძიებული მასალის გაგება-გააზრებაზე.წინასწარ იცოდნენ შეფასების რუბრიკა,იცნობდნენ პროექტის მიზნებს.მე ,როგორც მასწავლებელს, მქონდა მრჩევლის პოზიცია. მათ საკმარისი თავისუფალი სივრცე ჰქონდათ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მოეხდინათ ინტერპრეტაცია, მასალის დამუშავებისას თავისუფალნი იყვნენ არჩევანში: რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის,საინტერესო და გამოსადეგი. მოხდა მოსწავლეთა სრული გარდასახვა. ჯგუფები დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით მოეკდინენ დაკისრებულ მოვალეობას, მოემზადნენ პრეზენტაციისთვის.ბევრად გახსნილინი იყვნენ თანამშრმომლობისთვის. შედეგი მივიღე ხანგრძლივი და საინტერესო. კლასი გახდა ადვილად სამართავი, გაკვეთილზე ჩართულობა გაიზარდა, გაიზარდა ინტერესი და პატივისცემა ორივე მხრიდან. თუ კი საგაკვეთილო აქტივობები ტექსტია და მასწავლებელი შემოქმედი(ჩემი ინტერპრეტაციით),მაშინ თამამად ვიტყვი , რომ მკითხველმა მიიღო ტექსტი და ავტორისეული ნიშნების დეკოდირება მოახდინა.
მეორე ეტაპი ურთიერთობის გასამყარებლად იყო კლასგარეშე ღონისძიება: თემატური ექსკურსია ხელნაწერთა ეროვულ ცენტრში და ექსკურსია რუსთაველის თეატრში (კულტურისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი). მოსწავლეებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია,ისიამოვნეს,ისწავლეს მოქცევა სხვადასხვა გარემოში, გამოიმუშავეს საკომუნიკაციო უნარები, თანამშრომლობითი უნარი, მე მოვიპოვე მათი ნდობა, კეთილგანწყობა. ჩემი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი იყო დეკლარირება: მე თქვენზე ვზრუნავ, თქვენთან საინტერესოა, ისევე როგორც ჩემთან. შედგა კომუნიკაცია ჩემსა და მათ შორის. სწავლების პროცესი იყო სახალისოც და საინტერესოც.პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის მახსენდება ერთ წიგნში ამოკითხული შეხედულება :”მოსწავლეები კარგად უნდა გაერკვნენ თანამშრომლობის საშუალებით სწავლის, პროექტებზე მუშაობის, პროცესების შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის ელემენტებში” და შედეგიც არ დააყოვნებს.
ჩემი აზრით, სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ, რათა საკუთარ თავში აღმოაჩინოს მრავალმხრივი უნარი და მივცეთ მას ამ უნარების განვითარების საშუალება.ყველა ბავშვი ხომ უნიკალური ინდივიდია.სწავლების თანამედროვე ჰუმანისტური თეორია სწავლების თანამშრომლობაზე დამყარებულ მოდელს გვთავაზობს,სადაც მასწავლებელი პარტნიორია და ეხმარება მოსწავლეს განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები და თავისი საჭიროებების შესაბამისად ისწავლოს.
ნინო კენკებაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
- მაძიებლის სახელმძღვანელო
- კ.როჯერსის სწავლების ჰუმანისტური თეორია
- პროექტებით სწავლება,რ.საყვარელიძე.
- ბავშვთა უფლებების კვლევა, როლფ გოლობი, პიტერ კრაფი.
Monday, February 23, 2015
ჩემი სტატია...
|
Wednesday, January 7, 2015
Saturday, December 20, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)